მთვარის შვილობილები

“მთვარის შვილობილები” მოზაიკური რომანია, რომელშიც თხრობა სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივას მიჰყვება და ერთი დიდი ისტორია მკითხველის თვალწინ ნაწილ-ნაწილ იწყობა.

 

უდაბნოს იდუმალ ქალაქში, მოხუც ასან ბასართან გავლილი გამოცდის შემდეგ, ფადი მთვარის შვილობილი ხდება და დანარჩენი შვილობილების ძებნას იწყებს. თანდათან დროისა და სივრცის საზღვრები ირღვევა, ბუნდოვანი ჯილდოს მისაღწევი რბოლა კი სულ უფრო და უფრო დაუნდობელი ხდება.

 

რას გახდება კარგი ადამიანი, თუ თვით სამყარო უგუნური და მოწყენილი ღმერთების მიერაა შექმნილი?

ზეცის ჩარხი

ჯორჯ ორრი საოცარ უნარს ფლობს — მას რეალობის ნებისმიერი ასპექტის შეცვლა თვალის დახამხამებაში შეუძლია. პრობლემა ისაა, რომ ამას ის საკუთარი სურვილისა თუ კონტროლის გარეშე აკეთებს. და როცა ორრის ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამ ძალაუფლების საკუთარი ეგოისტური თუ ფილანთროპული მიზნებისთვის გამოყენებას გადაწყვეტს, დედამიწას აქამდე არნახული საფრთხეები დაემუქრება.

რომანის გმირები მუდმივად ცვალებად სამყაროში თავიანთი როლისა და ცხოვრების მიზნის გარკვევას ცდილობენ. ამის ფონზე კი მთავარი ეთიკური დილემა, რომელსაც ნაწარმოები იკვლევს, შემდეგია: უსაზღვრო და უკონტროლო ძალის ფლობის შემთხვევაში, უმოქმედობა უფრო დიდი დანაშაულია თუ — მოქმედება?

ლოკუსის პრემიის მფლობელი, 1971 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი, “ზეცის ჩარხი”, საოცრად ნაცნობ მომავალს წარმოიდგენს. ესაა სამყარო, რომელშიც დაბინძურებული ჰაერი, დაუსრულებელი ომები და პანდემიები ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული და შესაძლო კეთილი დასასრული სულ უფრო მეტად ემსგავსება კომპრომისს.

ბრინჯაოს ქალაქი

პირველად ქაოსი მაშინ შეირხა, როდესაც სისხლისფერი სინათლით ამოვსებულ სიშავეში აკეს ყურს ძვლების მსხვრევის ხმა მისწვდა, ყნოსვა კი დამწვარი ხორცის სუნმა დაუხშო.

ქაოსი შეირხა, იმძლავრა, აზვირთდა და ყველასა და ყველაფრის წამლეკავ ძალად დაიწყო ფორმირება, უნებართვოდ გამოპარვა და ზოგჯერ ამ ძალის მფლობელისთვისაც შემზარავი გამოვლინება.

ყველამ ვიცით, როგორ დასრულდა იკარუსის ამბავი - ინტერესითა და ამბიციით გათამამებულმა როგორ გადწყვიტა მზეს შეხებოდა და, შედეგად, საშინელი ტანჯვა იგემა... მაგრამ რა იქნებოდა, აგონიაში კი არა, ღიმილით თუ დაიფერფლებოდა? იქნებ, ასე გრანდიოზულად ჰქონდა წასვლა დაგეგმილი?

წარსულის ტრაგედიით გატანჯული აკეც მის მსგავსად ცდილობს შეეხოს მზეს და მაგიითა და მისტერიებით სავსე ეს გახრწნილი სამყარი, იდუმალებით მოცული არქაული არსება კაბალები და მათი მომთვინიერებელი რჩეული კაბალერები, ერთმანეთის ზიზღითა და მცდარი რწმენებით დაბრმავებული სახელმწიფოები, თვალწარმტაცი ქალაქები და მათ ქვეშ დამარხული საუკუნოვანი საიდუმლოები, არანაკლებ გახრწნილი მეთოდებით ამოატრიალოს.

დაე, შესრულდეს შემქმნელის ნება და, უსახელო აკემ, იპოვოს პასუხები თავის ამბიციებზე! 

დაე, ცეცხლმა უყოს პირი ყოველივეს!

 

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ბრინჯაოს ქალაქიდან:

ილუსტრაციების ავტორი გიორგი მაღრაძე Artman
შენიშვნა: წიგნი ილუსტრირებული არ არის

ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი

ინგარის სამეფოში, სადაც შვიდმილიანი ჩექმები და უჩინმაჩინის მოსასხამები არავის უკვირს, დიდი უიღბლობაა სამშვილიან ოჯახში უფროსად დაბადება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თუკი სამივენი ბედის საძიებლად გაეშურებიან, სწორედ უფროსი იგემებს მარცხს.
სოფი თავიდანვე იყო შეგუებული ბედს და ცხოვრების მშვიდად გატარებას ქუდების სახელოსნოში აპირებდა. თუმცა მოულოდნელად უდაბნოს ალქაჯის წყრომა დაატყდა თავს და ბებრუხანად აქცია. ჯადოს ახსნის ერთადერთი იმედი ჯადოქარი ჰაულის მუდამ მოძრავ ციხე-კოშკში იმალება.
წიგნში შეგხვდებათ ალქაჯები, ჯადოქრები, სასახლეები, მოლაპარაკე ნივთები, მოჯადოებული არსებები, დედინაცვლები, მეფის ასულები, გრძელზე გრძელი კიბეები, მოწყვეტილი ვარსკვლავები და... ბევრი, ბევრი მწვანე ლორწო.

ეს არის ზღაპრული, მაგრამ საკმაოდ სახიფათო სამყარო, სადაც ყველაფერი მოსალოდნელია, ამიტომ დაძაბულობა ბოლო გვერდამდე არ დაგტოვებთ, რადგან, როგორც ერთხელ კალციფერმა ბრძნულად შენიშნა: „ჯადოქრის სახლში უსაფრთხოდ ვერ იქნები“.

“ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკს“, რომელიც ტრილოგიის პირველი ნაწილია, შესაძლოა უფრო სტუდია ჯიბლის „ოსკარის“ ნომინანტი ამავე სახელწოდების ანიმეთი იცნობდეთ. არადა, სანამ ჰაიაო მიაძაკი აღმოაჩენდა, სოფისა და ჰაულის თავგადასავალი ორი ათწლეულის განმავლობაში სარგებლობდა მკითხველთა სიყვარულით.

იანუსი

დოქტორი სპააკი ოქროსხელება ქირურგია. მას ისე შეუძლია შეუცვალოს ადამიანს გარეგნობა და იერი, რომ შეიძლება დედამ შვილი ვეღარ იცნოს და ცოლმა — ქმარი.
ექიმის გარშემო განვითარებულ იდუმალ მოვლენებს სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივიდან ვაკვირდებით და მათთან ერთად ნელ-ნელა ვიგებთ შემზარავ სიმართლეს.

სიმართლე კი კომპანია "სპააკ ენდ სტიქსის" უკან იმალება, რომელსაც მსურველები იმ ქვეყნად უმტკივნეულოდ და მყისიერად, კლიენტის მიერ ერთი მარტივი ბლანკის შევსებისა და შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ მიჰყავს.

ნაწარმოები შემოკლებული სახით პირველად გამოქვეყნდა 1991 წელს ჟურნალ "ნაკადულში", სამ ნაწილად.

დროთა კავშირი

კრებულში, “დროთა კავშირი”, 1967-1984 წლებში გამოცემული ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის გამორჩეული ნიმუშებია თავმოყრილი.

აქ წაიკითხავთ ამბებს ხელოვნურ ტვინზე, რომლის გამოთვლებზეც მთლიანი კაცობრიობის ბედია დამოკიდებული; კოსმოსური მისიის სახიფათო თავგადასავალზე, რომელიც თავგანწირვის ისტორიას გვიყვება; უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელ ბოროტმოქმედებზე, რომელთა საქმიანობამ დედამიწელთა კულტურაზე წარუშლელი კვალი დატოვა; ქართველ გმირზე, რომელიც უტოპიურ სამყაროში ამოყოფს თავს; წარსულში მოგზაურობის ამბავზე, რომელიც სამეცნიერო გამოგონების არასწორ ხელებში ჩავარდნის საშიშროებას ამხელს; პოსტაპოკალიფსურ რეალობაზე, რომელიც ატომური იარაღის დამანგრეველი ძალის საზარელ შედეგს გვაჩვენებს; და ქართველ ექიმზე, რომელიც კოსმოსში მოგზაურობიდან დაბრუნებული, პოსტპანდემიურ დედამიწაზე ამოყოფს თავს.

სამეცნიერო ფანტასტიკური ამბები მრავალფეროვან, ჩამთრევ ისტორიებს გვიყვებიან მოგზაურობაზე — იქნება ის დროში, კოსმოსში თუ ადამიანის შინაგან სამყაროში. თავად მათი კითხვაც ერთგვარი მოგზაურობაა გასული საუკუნის 60-80-იანი წლების საქართველოში. ეს უნიკალური კულტურული არტეფაქტები გვანდობენ იმას, თუ რაზე დარდობდნენ ან რაზე დარდი ევალებოდათ საბჭოთა რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყნის შვილებს. სწორედ გულწრფელი განცდებისა და პარტიის მიერ ნაკარნახევი დირექტივების ეს უცნაური ნაზავი აქცევს კრებულს აუცილებელ საკითხავად ყველასთვის, ვინც საქართველოს უახლოესი წარსულით ინტერესდება.